logo
ENG



ჯაფარიძე: უნდა დასრულდეს საპატრიარქოს და "ოცნების" - რუსული ბოროტების პარპაში ამ ქვეყანაში

11 ივლ 202112:07
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: უნდა დასრულდეს საპატრიარქოს და "ოცნების" - რუსული ბოროტების პარპაში ამ ქვეყანაში
ვახო ქარელი/ფორმულა

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. 

როგორც ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, მომხდარზე პასუხისმგებელი საპატრიარქო და ქართული ოცნებაა.

"უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ველურებმა. ქრისტეს სახელით მოკლეს და სანაცვლოდ სისხლიანი ჯვარი დაარჭეს რუსთაველზე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დაადგენს სიკვდილის მიზეზად ექსპერტიზა. სრულიად სტერილური უნდა იყო რომ დაიჯერო რომ ლექსოს გარდაცვალება კავშირში არაა 5 ივლისს მის სასტიკ ცემასთან.

ყველანი სულელები ხართ ვინც ამ მკვლელობაში საპატრიარქოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ. ყველანი სულელები ხართ ვინც ამ მკვლელობაში ოცნების პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ. უარესი სულელები ხართ ვინც ახლა მათ სევდიან სახეებს და "ძალადობას ვგმობ" მესიჯებს ჭამთ და დაიჯერებთ რომ ეს ძალაუფლების გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი უსინდისო, მოძალადე ხალხი რაიმეს ინანიებს ან რაიმეს განიცდის.

ეს იყო მათი მიზანი და ესაა დღესაც - ტერორი, რომ ვერავინ გაბედოს ხმის ამოღება და მათი, საპატრიარქოს და ოცნების ძალაუფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. მაგრამ ყველაზე სულელები ხართ ისინი, ვინც ფიქრობთ რომ თქვენ არ შეგეხებათ ეს ბოროტება. ყველას კარზე მოაკაკუნებენ, ყველას სისხლს დალევენ ვინც წინ აღუდგება.

არავის გადადგომა და არანაირი ფორმალური სამართლებრივი პროცედურები ამ რეალობას არ შეცვლის. ესენი უნდა წავიდნენ. საპატრიარქო და ოცნება ერთად. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ რუსული ბოროტების პარპაში ამ ქვეყანაში. 2 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე და შემოხაზეთ ვინც გინდათ, ოღონდ არა 41. ვინც გინდათ, გარდა 41-სა. კართაგენი უნდა დაინგრეს!", - წერს ჯაფარიძე.

TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. კრიმინალისტებმა ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაიტანეს

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მოძრაობა სირცხვილიამ და სხვა აქტივისტებმა 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას დააანონსეს. აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

***

5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო". 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის.  თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 

იმავე დღეს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა, არა ყველა მათგანი. 


close დახურვა